აღსრულების ეროვნული ბიურო სენაკის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს ეხმარება

თარიღი: 25 დეკემბერი 2010

2010 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები სენაკის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ეწვივნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
   
სენაკის ბავშვთა სახლში 100-მდე უნარშეზღუდული და მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მათთვის შეიძინეს ტკბილეული, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები საჭიროების მიხედვით.

„ჩვენი თანამშრომლები აქციაში ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ საკუთარი ხელფასებიდან შეიძინეს საჩუქრები, ბევრმა მათგანმა სახლებიდან მოიტანა საჭირო ნივთები ბავშვებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების ყურადღება და მზრუნველობა. ჩვენი ვიზიტი არ იქნება მხოლოდ საახალწლოდ, ერთჯერადი საქველმოქმედო აქცია, აღსრულების ბიურო სენაკის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში სტუმრობას ტრადიციად აქცევს", - განაცხადა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა ირაკლი ამანათიძემ.

საქველმოქმედო აქციაში იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა.