'' XX საუკუნის თბილისი '' - გამოფენა ეროვნულ არქივში

თარიღი: 23 დეკემბერი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა "XX  საუკუნის თბილისი"გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თბილისის არქივსა და საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალები გასულ საუკუნეში თბილისის აღმშენებლობის, დაქალაქის მმართველობის შესახებ; ქალაქის ხელმძღვანელების, აღმასკომის თავმჯდომარეების, მერების ფოტოები და ინფორმაცია მათი მოღვაწეობის თაობაზე.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ექსპოზიციის გახსნისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოფენაზე წარმოდგენილი, ინჟინერ გიორგი ბეჟანიშვილის პირად ფონდში არსებული თბილისის პანორამული ფოტოები, რომელიც XX საუკუნის 50-60-იან წლებშია გადაღებული და დღემდე საჯაროდ არ გამოფენილა.

საისტორიო ცენტრალური არქივის საცავებიდან გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისის მასალები: სახლების, სასწავლებლების, თეატრების, სხვა დაწესებულებების შენობის ნახაზები, ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

გამოფენა 24 დეკემბერს დაიხურება. დათვალიერება თავისუფალია. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.