პროკურატურის ორგანიზებით სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

თარიღი: 19 დეკემბერი 2010

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. საბოლოო პროცესამდე სტუდენტები საქართველოს მთავარი პროკურატურის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში ემზადებოდნენ. ლექციები სტუდენტებმა უშუალოდ ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორებისგან  მოისმინეს. მეცადინეობის დროს მათ დაცვის და ბრალდების მხარეების, ასევე ნაფიცი მსაჯულების როლები კარგად მოირგეს, პრაქტიკოსმა პროკურორებმა სტუდენტებს ცალ-ცალკე ჩაუტარეს სპეციალური მეცადინეობა, რომელიც გულისხმობდა მათთვის უფლება-მოვალეობების გაცნობას, სასამართლო პროცესის წარმართვის თავისებურებებს.

იმიტირებულ სასამართლო პროცესებს სტუდენტების მონაწილეობით საქართველოს პროკურატურა ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და "საქართველოს გაეროს ასოციაციის" მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განაგრძობენ სისხლის სამართლის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას. სტუდენტები პერიოდულად მართავენ პრეზენტაციებს უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულებებში. ისინი თავიანთ თანატოლებს, დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფორმაციას სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.