დედები ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციას SMS-ის საშუალებით მიიღებენ

თარიღი: 17 დეკემბერი 2010

პროექტი "პოზიტიური დედობა" ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნოვაციაა - ახლაშობილთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომი  ხდება ჩვილის მოვლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყველა საჭირო ცნობას ბავშვის განვითარების შესახებ მშობლები SMS-ის საშუალებით მიიღებენ. პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივის საფუძველზე, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სისტემა, რომელიც  უზრუნველყოფს მშობლებისთვის    ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა, მაგალითად, აცრების მნიშვნელობა, თუ სად შეიძლება აცრის გაკეთება, ფასიანია თუ უფასო კონკრეტული მომსახურება და ა.შ.

ინფორმაცია ბავშვის მოვლის შესახებ ეფუძნება საგანგებოდ შექმნილ წიგნს სახელწოდებით "ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი". იგი ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მოამზადა.

კრებული ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების ინდივიდუალური ისტორიაა და მიზნად ისახავს დააფიქსიროს ბავშვის ზრდა და განვითარება დაბადებიდან 6 წლამდე. ის ასევე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია ბავშვზე ზრუნვის შესახებ მშობლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მონაწილეობს აღნიშნული წიგნის პოპულარიზებაში და 6 წლამდე ბავშვთა მოვლის შესახებ მშობლებისთვის საგანმანათლებლო კამპანიაში. მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაგებ და მარტივ ენაზე სატელეფონო შეტყობინებების სახით გავრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ბილაინის, მაგთისა და ჯეოსელის მობილური კავშირის საშუალებით.

მშობლები ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საბუთის მიღებისთანავე აირჩევენ ენას - ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, რა ენაზეც ისურვებენ ისინი შესაბამისი ინფორმაციის მიღებას. ახალი პროგრამა ასევე შესაძლებელს გახდის მოსახლეობისავის სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

"საქართველოსთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი რამ მახსენდება - ინოვაცია და ინვესტიცია. აღნიშნული ინიციატივა ორივეს აერთიანებს -ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბავშვების მომავალში, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაში, და ამავდროულად პროექტი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდების ნამდვილად ინოვაციური მეთოდია," - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა.