საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული კორუფციისა და ფულის გათეთრების კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა გახსნა

თარიღი: 17 დეკემბერი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გახსნილია ორგანიზებული კორუფციისა და ფულის გათეთრების კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა.

სპეცოპერაციის ფარგლებში, ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე დაკავებული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე სააგენტოს გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია.

გამოძიებით დადგინდა, რომ პაპუნა ხაჩიძე და გიორგი ბაღათურია წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ლობირებდნენ ფირმებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისა და ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიების გაცემის პროცესში. სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზარალმა 2. 700. 000. ლარი შეადგინა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაღალჩინოსნების ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის I და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილებით. ბრალის დამტკიცების შემთხევაში, ბრალდებულებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.