ჩოხატაურში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განახლებული ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 16 დეკემბერი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურები ჩოხატაურში ერთ შენობაში  განთავსდა. სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ეროვნული არქივის მომსახურებას მოქალაქეები „ერთი ფანჯრის" პრინციპით ერთ მისამართზე - დუმბაძის №2-ში მიიღებენ.

ახალგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეიდან ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობას გაუადვილდება იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვედებარებულ უწყებებთან ურთიერთობა. მისი თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთსა და იმავე შენობაში მიიღონ დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი; დაარეგისტრირონ უძრავი ქონება, აღსასრულებლად წარადგინონ  სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ.

სამსახურები აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტრანეტით და ინტერნეტით.