ახალი სერვისის პრეზენტაცია ქუთაისში

თარიღი: 16 დეკემბერი 2010

დღეს, ქალაქ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართეს - სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ელექრონული შეტყობინებით აცნობებენ.

2011 წლის 1 იანვრიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ელექტრონულად აცნობონ, რის საფუძველზეც შემდგომ მოქალაქე ნებისმიერ დროს შეძლებს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღებას.

საკანონმდებლო სიახლის ძალაში შესვლის შემდეგ მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ დაბადებისა და გარდაცვალების  მოწმობის მიღება.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც აღნიშნული საპილოტე პროგრამა ამოქმედდება, 2011 წლის განმავლობაში კი პროექტში მთელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან.