სისხლის სამართლის რეფორმის განხილვა რეგიონებში გრძელდება

თარიღი: 15 დეკემბერი 2010

2010 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ შეკითხვებს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

როგორი იყო ვითარება რეფორმამდე, რას ნიშნავს მართლმსაჯულების რეფორმა მოქალაქეებისათვის, რატომ იყო აუცილებელი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და რას ითვალისწინებს ახალი, ლიბერალური კანონმდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკა და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას იმისათვის, რომ არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენისგან დაიცვას - ამ თემებზე დისკუსიაში სტუდენტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტესებული მოქალაქეები ჩაერთნენ.

რეგიონული შეხვედრის ფარგლებში ქუთაისის მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ, განმარტებები კონკრეტული დანაშაულის ფორმებისა და დანაშაულისგან თავის დაცვის თაობაზე.

რეგიონული შეხვედრები და დისკუსიები ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა გეგმიდან, რომელსაც სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და "საქართველოს გაეროს ასოციაციის" მხარდაჭერით ახორციელებს. საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ასმა სტუდენტმა გაიარა ტრეინინგი. სტუდენტებმა უშუალოდ რეფორმის განმახორციელებელი პირებისგან მოისმინეს ლექციები სისხლის სამართლის რეფორმის ზოგადი პოლიტიკის, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სისტემების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ. ტრეინინგის გავლის შემდეგ სტუდენტები  პერიოდულად მართავენ პრეზენტაციებს უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ისინი თავიანთ თანატოლებს, დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფორმაციას სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ დისკუსიები სტუდენტების მონაწილეობით და საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.