დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია მარტივდება

თარიღი: 13 დეკემბერი 2010

ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექრტონული შეტყობინებით აცნობებენ.

დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართეს.  

2011 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ვალდებული ხდებიან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ყველა ფაქტი ელექტრონული შეტყობინებით აცნობონ. ამის საფუძველზე შემდგომ მოქალაქე ნებისმიერ დროს შეძლებს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღებას. თუ ექიმი ელექტრონულ შეტყობინებას არ გააგზავნის, თითო შეუტყობინებელ ფაქტზე გათვალისწინებულია სოლიდური ჯარიმა.

დღემდე მოქალაქეს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მისაღებად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში უწევდა მისვლა, საბუთების წარდგენა და ანკეტის შევსება. საკანონმდებლო სიახლის ძალაში შესვლის შემდეგ კი მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ დაბადებისა და გარდაცვალების  მოწმობის მიღება.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ სერვისის საშუალებით მოხდება დაბადება-გარდაცვალების მყისიერი აღრიცხვა, გარდაცვალების მიზეზების დადგენა და მოქალაქეს მნიშვნელოვნად გაუმარტივდება რეგისტრაციის პროცედურები.