პროკურატურის ორგანიზებით თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მოსწავლეთა ჩემპიონატი დასრულდა

თარიღი: 11 დეკემბერი 2010

2010 წლის 11 დეკემბერს, ბათუმის პროკურატურის ინიციატივით გამართული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა. ასპარეზობაში  ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის სპორტული სკოლების 70 მოსწავლე მონაწილებდა. შეჯიბრება 8 წონით კატეგორიაში გაიმართა.

ფინალურ  ასპარეზობას ბათუმის კომპლექსურმა სპორტულმა საჭიდაო დარბაზმა უმასპინძლა. ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური დიპლომები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ახალგაზრდებს კი გამარჯვება ბათუმის პროკურორმა ავთანდილ კილაძემ მიულოცა და მედლები  გადასცა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩემპიონატი “საზოგადოებრივი პროკურატურის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას არასრულწლოვნებთან და მოზარდ-ახალგაზრდობასთან. პროექტი მიზნად ისახავს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.