''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ელექტრონული ვერსია ინტერნეტ-სივრცეში

თარიღი: 09 დეკემბერი 2010

2010 წლის 9 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" იუსტიციის სამინისტროს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ  სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ მიმართა, "საკანონმდებლო მაცნეს" ახალი სერვისის შესახებ კი უფრო კონკრეტულად „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ხელმძღვანელმა გიორგი წიკლაურმა ისაუბრა.

2011 წლის 1 იანვრიდან დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სერვისები  ელექტრონული სახით მიიღონ - საქართველოს მასშტაბით ყველა ნორმატიული აქტის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოქვეყნება ელექტრონულად მოხდება.

"ამ დრომდე მსგავსი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ბეჭდური ფორმით. რაც ყოველთვის ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ვებ-გვერდზე კანონებისა და ნორმატიული აქტების გამოქვეყნებით კი ჩვენ ყველას თანაბრად ვაძლევთ საშუალებას უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით," - განაცხადა პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ.  

ელექტრონული მმართველობის დანერგვის შემდგომ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"  ბეჭვდითი ფორმით გამოცემას შეწყვეტს.

განახლებული ვებ-გვერდის მისამართია www.matsne.gov.ge ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვრიდან "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე ელექტრონულად გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტებს ოფიციალური იურიდიული ძალა ექნებათ.

"საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე შესაძლოა საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების,  კერძოდ, ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიების, მასში შესული ცვლილებების და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიების, სერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვადასხვა საინფორმაციო დოკუმენტების მოძიება.

საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე ასევე განთავსდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა პუბლიკაციები. მომავალში იგეგმება ნორმატიული აქტების ინგლისურ ენაზე თარგმნაც.