სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ ახალციხის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა

თარიღი: 08 დეკემბერი 2010

2010 წლის 8 დეკემბერს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ დისკუსია გიმართა. მასში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა. სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ პეზენტაციები იმ სტუდენტებმა გააკეთეს, რომელთაც ტრენინგები იუსტიციის სამინისტროში გაიარეს. ასი სტუდენტი სისხლის სამართლის რეფორმის ზოგად პოლიტიკას, მის ძირითად მიმართულებებს გაეცნო, რის შემდეგაც ისინი თავად მართავენ პრეზენტაციებს უმაღლეს სასწავლებლებში.

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრაზე დღეს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრეს, ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, იუსტიციის სამინისტროს სერვისები, რას ითვალისწინებს ახალი, ლიბერალური სისხლის სამართლის კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკა - ამ თემებზე აუდიტორიის კითხვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.  

რეგიონული შეხვედრები და დისკუსიები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივაა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის პროექტის  ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” და ”საქართველოს გაეროს ასოციაციის” მხარდაჭერით ახორციელებს. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა ევროკავშირისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად არის ჩართული მიმდინარე რეფორმებში.