საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები - შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან

თარიღი: 08 დეკემბერი 2010

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მოსახლეობასთან ქალაქის  ცენტრში შედგა. აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალმა თითქმის ყველა სამსახურმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის ფარგლებში ახალციხის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად შეხვედროდა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მიეღო საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, ასევე მიეღო იურიდიული კონსულტაცია. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში ადგილზე გაუწიეს მათ დახმარება.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ იუსტიციის სახლის კონცეფციაზეც მიიღო ინფორმაცია, რაც ნიშნავს მომავლისთვის იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანებას. ახალციხელებმა ასევე შეიტყვეს იმის შესახებ, თუ რა გამარტივებული სერვისებით სარგებლობას შეძლებენ ისინი მომავალში.

მოსახლეობასთან შეხვედრები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. თელავისა და გურჯაანის შემდეგ, მსგავსი შეხვედრა მარნეულშიც გაიმართა. სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ დისკუსიები სტუდენტების მონაწილეობით და საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.