უცხოელ ნოტარიუსთა დელეგაცია ქართული ნოტარიატის მიღწევებს გაეცნო

თარიღი: 07 დეკემბერი 2010

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უცხოელ ნოტარიუსთა დელეგაციას მასპინძლობს. Nოტარიუსები უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. დღეს კი ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ გახსნა. შეხვედრაზე ქართველმა ნოტარიუსებმა უცხოელ კოლეგებს ქართული ნოტარიატის მიღწევები, სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეები გააცნეს. საკუთარი ქვეყნების ნოტარიატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია სტუმრებმაც მოაწყეს.

როგორც ბატონმა ჯაბა ებანოიძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსთა შორის გამოცდილების გაზიარებაა. „ოთხი ქვეყნის ნოტარიუსები ქართული ნოტარიატის მიღწევებს გაეცნენ და ელექტრონული სანოტარო საქმისწარმოებისა და ელექტრონული მომსახურების შესახებ გამოცდილება გაიზიარეს,“ - განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თამჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით, „სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ელექტრონული სანოტარო რეესტრის შესახებ ინფორმაცია, რადგან სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზა აღნიშნულ ქვეყნებში ჯერ არ არსებობს“.   

დელეგაციის 14 წევრი საქართველოში 5 დეკემბერს ჩამოვიდა. 6 დეკემბერს ისინი საქართველოს იუსტიციის სამინიტროსა და მასში შემავალი სამსახურების (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო) საქმიანობასაც გაეცნენ და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ჯაბა ებანოიძესა და აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.