მთავარი პროკურატურა სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ტრენინგებს იწყებს

თარიღი: 07 დეკემბერი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, 2010 წლის 7 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ტრენინგი დაიწყო. სწავლებას საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრებიან, მომდევნო ეტაპზე კი ისინი იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსამდე ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში მოამზადებს სტუდენტებს. მონაწილეები თეორიულ საკითხებს გაეცნობიან, პრაქტიკოსი პროკურორებისგან კი მიიღებენ რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს. კონკურსის დასკვნით ეტაპზე ჯგუფები კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილავენ და ნაფიცი მსაჯულების წინაშე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ. ტრენინგის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელსაც სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა. ტრენინგებისთვის სტუდენტები ღია კონკურსის წესით შეირჩნენ.

ტრენინგების პირველ დღეს მასში მონაწილე სტუდენტებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე შეხვდა და სტუდენტებს სწავლების მიზნები გააცნო. "საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი იურისტები კარგად იყვნენ ინფორმირებულები სისხლის სამართლის რეფორმების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. მსგავსი ტრენინგებით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ ჩაერთონ ამ პროცესში და პრაქტიკოსი პროკურორებისგან ისწავლონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები", - განაცხადა დავით საყვარელიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

იმიტირებული სასამართლო პროცესების ტრენინგი პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში იმართება. პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება. ის მიზნად ისახავს პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდას, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.