მხიარული სტარტები მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

თარიღი: 04 დეკემბერი 2010

2010 წლის 4 დეკემბერს პროკურატურის ინიაციტივითა და მხარდაჭერით მცხეთის სკოლების მოსწავლეთათვის სპორტული ღონისძიება "მხიარული სტარტები" გაიმართა. შეჯიბრებას მცხეთის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღო მცხეთის, ძალისის, მისაქციელის, წეროვანის, მუხრანის, საგურამოს, ქსნის და გალავნის საჯარო სკოლების 160-მა მოსწავლემ. 

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ გადასცა. მან მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობაზე ისაუბრა.

სპორტული ღონისძიება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ თებერვალში გამოაცხადა დევიზით -"ახალგაზრდობა უდანაკარგოდ". კამპანიის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისგან არიდება. 

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა -საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი აგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, იმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით.