ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდა

თარიღი: 04 დეკემბერი 2010

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი -  ტესტირება პროფესიულ ნაწილში,  ჩაატარა. ტესტირებაში  იურიდიული განათლების მქონე 82 კონკურსანტი მონაწილეობდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ერთ-ერთი მთავარი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ამჟამად საქართველოში 216 მოქმედი ნოტარიუსია. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300 ნოტარიუსით განისაზღვრა. შესაბამისად, იურიდიული განათლების მქონე 84 პირს აქვს შესაძლებლობა ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავოს.

"ნოტარიუსთა რაოდენობის გაზრდა  ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პირობაა და შესაბამისად, სანოტარო მომსახურების ეფექტისა და ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა" - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა მოიცავს მეორე ეტაპსაც, კანდიდატები, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავენ, გაივლიან  ტესტირებას ზოგად უნარებში (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში).