მთავარმა პროკურატურამ საერთაშორისო მასშტაბის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სქემა გახსნა

თარიღი: 03 დეკემბერი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გახსნილია ორგანიზებული კორუფციისა და ფულის გათეთრების კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა, რის შედეგადაც გაფლანგულია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები.

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული და ბრალდებულად ცნობილი არიან  შპს "ვია-ვიტას" დამფუძნებლები - კონსტანტინე ჩივჩიური, იოსებ მაისურაძე, მერაბ ანთაძე და დავით ხაბეიშვილი, რომლებმაც შრომის, ჯანმრთელობისა და საციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების ხელშეწყობით და ცალკეულ შემთხვევებში მათი დანაშაულებრივი გულგრილობის გამო, გერმანულ კომპანია "Fresenius Medical Care"-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა მომსახურეობისას მიითვისეს და გაფლანგეს  რამდენიმე მილიონი ლარი.       
     
შპს "ვია-ვიტას" დამფუძნებლებს - კონსტანტინე ჩივჩიურს, იოსებ მაისურაძეს, მერაბ ანთაძეს და დავით ხაბეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის 3-ე ნაწილით წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,  დანაშაული ითვალისწინებს 9-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.