სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა ონლაინ-გაცვლის სისტემა გაუმჯობესდება

თარიღი: 03 დეკემბერი 2010

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დღეს პროექტის - "სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გააკეთა და მას შვედეთის ელჩი საქართველოში დაიანა იეინსი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი,  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), სამოქალაქო და საჯარო რეესტრების,  ცენტრალური სარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტს "სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში"  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SIDA) ახორციელებს. პროექტი 30 თვეს მოიცავს, ხოლო მისი ბიუჯეტი  23 500 000 შვედური კრონას (3 014 500 აშშ დოლარს) შეადგენს.

აღნიშნული პროექტი  ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საარჩევნო სიების ფორმირება, მოქალაქეობა-მიგრაცია, დამისამართება და  იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ტრეინინგი.

სხვადასხვა საჯარო სექტორში განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების ფონზე, ქვეყანაში არსებული გაუმართავი დამისამართების სისტემა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია, რაც  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში ავტომატიზირებული, განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიისა და სამართლიანი საარჩევნო პროცესის ფორმირებაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციატივით, პროექტის ფარგლებში,  დაიწყო დამისამართების პროექტის პილოტირება. პრეზენტაციაზე დღეს წარმოდგენილი იყო დამისამართების პროცესის მიმდინარე შედეგები.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. "ერთი ღილაკის დაჭერით" საარჩევნო სიების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მონაცემების ონლაინ-გაცვლის უზრუნველყოფა ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო სიების ფორმირებაში.

საქართველოში შვედეთის ელჩის დაიანა იეინსის განცხადებით,  პროექტით გათვალისწინებული პირობების წარმატებით შესრულება, კერძოდ, მონაცემთა გაცვლის  ინფრასტრუქტურის დანერგვა, საგრძნობლად გააუმჯობესებს სახელმწიფო დაწესებულებების ოპერაციულ შესაძლებლობებს  და მომსახურების ხარისხს. ელჩის თქმით, აღნიშნულ პროექტი პირდაპირ კავშირშია სანდო და გამჭვირვალე საარჩენო სიების ფორმირებასთან.