პროკურორებმა და მოსწავლეებმა ციტრუსის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა

თარიღი: 01 დეკემბერი 2010

2010 წლის 1 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბერის საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლემ და ხელვაჩაურის პროკურატურის პროკურორებმა მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ხელვაჩაურის მკვიდრს შალვა ბერიძეს ესტუმრნენ და მოსავლის აღებაში დაეხმარნენ. მანდარინის სწრაფად და ხარისხიანად კრეფაში სკოლის მოსწველეებმა შეჯიბრიც გამართეს, გამარჯვებულ გუნდს კი სიმბოლური საჩუქარი - მანდარინით სავსე თასი გადაეცა.

"პროკურორებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, ეს აქციაც სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენა არის მიმართული. დღეს გადავწყვიტეთ მოსწავლეებთან ერთად მანდარინი დაგვეკრიფა და ხელვაჩაურელ გლეხს მოსავლის დაბინავებაში დავეხმარეთ. ჩვენი პრიორიტეტია

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მოზარდების დანაშაულებრივი გზისგან არიდება და ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ, მათთან ერთად მეტი დრო გავატაროთ," -  განაცხადა ხელვაჩაურის პროკურორმა ლაშა კლდიაშვილმა

აქცია პროკურორებისა და მოსწავლეების მონაწილეობით პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის " ფარგლებში ჩატარდა. საქართველოში პროექტი 2006 წლიდან ხორციელდება. ის მიზნად ისახავს პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდას, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინებას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.