საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსები სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზით ისარგებლებენ

თარიღი: 29 ნოემბერი 2010

დღეიდან ნოტარიუსთა პალატისთვის ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი  იქნბა  სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა სრული ბაზა.  ამის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ და ნოტარიუსთა პალატამ  გააფორმეს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ მოაწერეს ხელი.

2009 წლიდან ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსებს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე  ჰქონდათ წვდომა, ამირიდან  კი აღნიშნული ბაზით შეუზღუდავად ისარგებლებენ.

ნოტარიუსებს სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისთვის სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზით სარგებლობა აქტიურად უწევთ. მაგალითად,  ონლაინ რეჟიმში თანხმობის, განცხადების, მინდობილობა/რწმუნებულების დასამოწმებლად ნოტარიუსი განმცხადებლის პირადობის დადგენას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ახდენს. 

სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეებს `ერთი ფანჯრის პრინციპით~ მოემსახურონ, შესაბამისად, მომხმარებელს სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის მისაღებად რამდენიმე უწყებაში სიარული აღარ უწევს და სანოტარო მომსახურებას გამარტივებული წესით იღებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეიდან ყველა ნოტარიუსს აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე წვდომის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონული სანოტარო მოქმედების შესრულების დროს, კიდევ უფრო მარტივდება მოქალაქის მომსახურება.

"ახალი სერვისი იუსტიციის სამინისტროს რეფორმის ნაწილია, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ყველა მომსახურება უნდა იყოს მარტივი, მოქალაქეზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი  ნებისმიერი ადამინისთვის", – განაცხადა ვაშაძემ. 

ნინო ხოფერიას თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესში – ადრე ნოტარიუსთა პალატას პირადობის მოწმობების ბაზა ჰქონდა მხოლოდ, რასაც მოქალაქეთა საპასპორტო მონაცემებიც დაემატა.

მისი განმარტებით, დღეიდან მომსახურება განსაკუთრებით გაუდვილდებათ საზღვარგარეთ მყოფ პირებს. განსაკუთრებით მათ, რომლებსაც არ გააჩნიათ პირადობის მოწმობები და მხოლოდ პასპორტები აქვთ. მათი იდენტიფიკაცია სწორედ ამ ბაზის საფუძველზე მოხდება.