საქართველოში პირველი ბიომეტრული პასპორტი გაიცა

თარიღი: 15 აპრილი 2010

საქართველოში დღეს პირველი ბიომეტრული პასპორტი გაიცა.   საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პირველი ბიომეტრული პასპორტი მალხაზ სამსონაძეს გადასცა, რომელმაც დოკუმენტის აღებაზე პირველი განაცხადი გააკეთა. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიომეტრიული პასპორტი არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ.

ბიომეტრიული პასპორტების ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ინფორმაცია იქნება დაცული. აღნიშნული ინფორმაცია არ ჩაიწერება ისე, რომ ნებისმიერს შეეძლოს მისი ნახვა.

მისი თქმით, ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს გაუმარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება. ბიომეტრული პასპორტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. აღნიშნული პროექტი შვიდი მილიონი ევრო დაჯდა, სამოქალაქო რეესტრმა დაფინანსების სოლიდური ნაწილი  ევროკავშირიდან მიიღო.

ბიომეტრიული პასპორტი სახელმწიფოს მისცემს იმის 99%-იან გარანტიას, რომ ქართული პასპორტი არ გაყალბდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის. მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხიც. 

"სამოქალაქო რეესტრში ორი წლის განმავლობაში ვამუშავებდით სერიოზულ პროექტს, იმისთვის, რომ საქართველოში დაწყებულიყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა. სრულიად შემთხვევით ხვდა წილად ბატონ მალხაზს პირველი ბიომეტრული პასპორტის მიღების პატივი, მან პირველი განაცხადი გააკეთა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც კი ხელი მოეწერება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან  გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებას, ბიომეტრული პასპორტი არის იმის გარანტია, რომ გამარტივბული სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ მოქალაქეები.  ისინი მაქსიმუმ ათი დღის ვადაში მიიღებენ ვიზას, იაფი ტარიფით - 35 ევროს გადახდის საფუძველზე, ხშირ შემთხვევაში კი საზღვრებზე დამონტაჟებული სპეციალური აპარატურის მეშვეობით, მოქალაქეები ბიომეტრული პასპორტით საზღვრის გადაკვეთას მესაზღვრესთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ" - განაცხადა ვაშაძემ.

ბიომეტრიული პასპორტების სპეციფიკას და საჭიროებებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO ადგენს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განსაზღვრავს, რა მინიმალური დაცვის მექანიზმები უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მასშტაბის დოკუმენტს.

საქართველოში სულ ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის სამი ცენტრი (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) იმოქმედებს. უახლოეს ხანში, ბიომეტრული პასპორტების გაცემა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიწყება. 

ბიომეტრული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და იგი 100 ლარი ეღირება. სამოქალაქო რეესტრი პასპორტის მიღების მსურველებს დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრული პასპორტის აღება განაცხადის შეტანიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მეხუთე სამუშაო დღეს - 120, მესამე სამუშაო დღეს - 150, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 190, ხოლო იმავე დღეს - 205 ლარი ეღირება.

ცნობისთვის, ბიომეტრული პასპორტების გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე ძალაში იქნება დღეისათვის მოქმედი პასპორტებიც. ბიომეტრული პასოპრტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე.