საქართველოს პროკურატურამ გუდაურში მოსწავლეებისთვის მოთხილამურეთა ტურნირი გამართა

თარიღი: 23 მარტი 2010

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მცხეთის საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის მოთხილამურეთა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება 2010 წლის 23 მარტს, გუდაურში ჩატარდა და მისი დევიზი იყო "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ".

ღონისძიებაში 20 მოყვარული სპორტსმენი მოანწილეობდა, ყველა მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდა, გამარჯვებულებს - გოგონებს შორის: დადუნა მამულაშვილს (პირველი ადგილი), ლელა გულიაშვილს (მეორე ადგილი), თამარ ეკალაძეს (მესამე ადგილი), ვაჟებს შორის: თორნიკე მუზაშვილს (პირველი ადგილი), ბიჭიკო კიკალიშვილს (მეორე ადგილი), გუგა მჭედლიშვილს (მესამე ადგილი) ტურნირის თასი და მედლები გადაეცათ.

სპორტული ღონისძიება საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში ჩაატარა, მისი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისთვის არიდებაა.

მიმდინარე წლის მარტო 2 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროკურატურამ მოსწავლეების მონაწილეობით ათობით სპორტულ ღონისძიებას გაუწია ორგანიზება.

საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის ერთობლივი კამპანია 1 თებერვალს დაიწყეს. პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას. სწორედ ამიტომ 2010 წელი საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფთხო სკოლის წლად გამოაცხადეს. მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით.