''სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაცია – პროკურატურის ახალი ხედვა'' სამუშაო შეხვედრა რეგიონულ მედიასთან

თარიღი: 22 მარტი 2010

2010 წლის 20-21 მარტს დაბა ბაკურიანში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, პროკურატურაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და ამ რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზები. სემინარს 20-მდე ჟურნალისტი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის როლისა და პოლიტიკის შესახებ სისხლის სამართლის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გაძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ, ეს სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელშიც ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული.

"საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის შესახებ ჟურნალისტებს უშუალოდ პროექტში ჩართული პროკურორები ესაუბრნენ.

საქართველოს პროკურატურა  "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტს 2006 წლიდან ახორციელებს და ამ დროისთვის მასში ჩართულია საქართველოს 7 რაიონის პროკურატურა. პროექტის ფარგლებში პროკურორები რეგულარულად ხვდებიან თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მათ სამართლებრივ თემებზე გაკვეთილებს უტარებენ, იმართება დისკუსიები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსიები. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, პროექტი ასევე მიზნად ისახავს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცველი ორგანოს მუშაობის ეფექტურობას, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

სემინარზე წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის მედიასთან კომუნიკაციის პროცედურების სამუშაო ვარიანტი და ამ დოკუმენტის განხილვა ჟურნალისტებთან ერთად გაიმართა. დოკუმენტის მიზანია, ეფექტურად დაინერგოს სამინისტროს კომუნიკაციის სტრატეგია, ხელი შეუწყოს უწყების გამჭვირველობის ზრდას, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა სამინისტროში დადგემილ და მიმდინარე რეფორმებში.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ავსტრიული კომპანია "Human Dynamics"-ი