ქართული მხარე დაინტერესებულია შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მიეცეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს

თარიღი: 19 მარტი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზად არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს მიაწოდოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის დროს ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების პროცესში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან ლუის მორენო ოკამპოსთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში შეხვედრაზე ზურაბ ადეიშვილმა ისაუბრა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს რუსი სამხედროებისა და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების, მკვლელობებისა და ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევების სხვა ფაქტებზე. საუბრის დროს განსაკუთებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, სოფლების მიზანმიმართულ განადგურებასა და საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ათიათასობით ქართველის გამოდევნის ფაქტებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეისათვის არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

ზურაბ ადეიშვილსა და ლუის მორენო ოკამპოს შორის შეხვედრა იყო მესამე ოფიციალური შეხვედრა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის გაიმართა. იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.