დამისამართების ერთიანი სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 18 მარტი 2010

დამისამართების ერთიანი სისტემის განვითარებისათვის საქართველოში  კონცეფცია მომზადდა.

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს პროექტის „დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო  ახორციელებს.

პრეზენტაციას სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი პირები, თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სტატისტიკის დეპატრამენტის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წევრები დაესწრნენ.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოში მისამართების ერთიანი რეესტრის შესახებ კონცეფციის მომზადებას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციტივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  დახმარებით ხორციელდება. პროექტის მთავარი დონორია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). 

ცნობისთვის, ქვეყანაში არ არსებობს რაიმე მონაცემთა ბაზა, ან კომპეტენტური საჯარო დაწესებულება, საიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება კონკრეტული მისამართების, მათი არსებობისა თუ არარსებობის შესახებ. პრობლემა, რომელიც დამისამართებას შეეხება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.

პროექტი მიზნად ისახავს, განისაზღვროს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისამართების რეესტრის წარმოებაზე და დადგინდეს სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის სისტემა.

მისამართების რეესტრის კონცეფცია შემუშავდა ყველა საჯარო დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დაწესებულებებს შორის შეთანხმების მიღწევას ყველა პრობლემის მოგვარების გზებზე, რაც ამ სფეროში არსებობს.

ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება, საჯარო დაწესებულებების საჭიროებების დადგენა მისამართების სისტემასთან მიმართებაში, საერთო ანალიზის გაკეთება  და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება. სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ აღნიშნულ პროექტს „საუკუნის პროექტი" უწოდა. მისი თქმით, დამისამართების პროექტი არის საქართველოში არსებული ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი.

„საქართველოში დამისამართების კუთხით ძალიან დიდი პრობლემა არსებობს. ჩვენ საბჭოური მემეკვიდრეობა გვერგო - სახელმწიფოში არასწორი მისამართების მინიჭების კუთხით: ქალაქებში ზოგიერთ კორპუსს არ აქვს მისამართი, სოფლებში კი საერთოდ არ არსებობს მისამართები. ეს პროექტი მიზნად ისახავს ამგვარი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას. დონორ ორგანიზაციებს ვთხოვთ შემდეგი ეტაპის დაფინანასებას. დამისამართების პროექტის შემდეგი ეტაპი გულისხმობს შენობებისთვის მისამართების ხელახლა მინიჭებას, თითოეული სახლისთვის კონკრეტული, უნიკალური ნომრის მინიჭებას, რომლითაც ამ შენობის იდენტიფიკაცია  მოხდება", - განაცხადა გ. ვაშაძემ.

დამისამართების კონცეფცია ქვეყნის მასშტაბით ყველა მისამართის ერთიან ბაზაში აღრიცხვას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, 2011-2012 წლებში, ეტაპობრივად ჯერ თბილისის, ხოლო შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების დამისამართება უნდა მოხდეს.