სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცესკოს მონაცემთა განახლებული ბაზა გადასცა

თარიღი: 17 მარტი 2010

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ციმაკურიძემ დღეს ცესკოს მონაცემთა განახლებული ბაზა გადასცა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, წელიწადში ოთხჯერ - ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ განახლებული, ან ახალი მონაცემები გადასცეს ცესკოს. ამ მონაცემებში შედიან პირები, ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, ასევე ინფორმაცია გარდაცვალებულთა შესახებ. კომისია ამ ინფორმაციას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაახლებლად იყენებს. ბოლოს ცესკოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზა 1 თებერვალს გადაეცა.

როგორც ლაშა ციმაკურიძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნით, დღეს ცესკოს გადაეცა მონაცემთა განახლებული ბაზა, რომელშიც მოცემულია 1 თებერვლიდან 15 მარტამდე გარდაცვლილთა რეგისტრაციის მონაცემები (6773 ადამიანი), იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან გავიდნენ მოქალაქეობიდან (345 პირი); ამავე ბაზაში მოცემულია მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოქალქეთა რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტებიც (600 მოქალაქე).  

როგორც ცესკოს პრესს-სპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად ცდილობს საარჩევნო სიები იყოს რაც შეიძლება ზუსტი, ამიტომ რეესტრის მიერ დაფიქსირებული ცვლილებები აუცილებლად აისახება სიებში.