ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი წელს 140-მდე მოქალაქეს მოემსახურა

თარიღი: 15 მარტი 2010

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი  პალატის საქმიანობაში აქტიურად ჩაება. 18 წლის სალომე გარუჩავამ  მიმდინარე  წელს 140-მდე მოქალაქეს გაუწია კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაცია. იგი ნოტარიუსთა პალატამ  2009 წლის პირველი ოქტომბრიდან დაასაქმა.

ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით სალომე, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს,  მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებისმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად იღებენ.