საქართველოს საპატრიარქოს, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 12 მარტი 2010

საპატრიარქოს შუამდგომლობით მსჯავრდებულებს არასაპატიმრო სასჯელი დაეკისრებათ და მას ეკლესია-მონასტრებში მოიხდიან. საქართველოს საპატრიარქოს, მთავარ პროკურატურასა და  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2010 წლის 12 მარტს საქართველოს საპატრიარქოში მოეწერა ხელი. მემორანდუმს ხელს აწერენ ქორეპისკოპოსი, ახალციხის და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი  თეოდორე,  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.

შეთანხმების თანახმად, საპატრიარქოს შუამდგომლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა, ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია  ითვალისწინებენ საპატრიარქოს რეკომენდაციას განსასჯელისათვის არასასაპატიმრო სასჯელის მოთხოვნით შესახებ და მსჯავრდებულს, შესაძლებლობა ეძლევა დაკისრებული სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვალოს და ეკლსია-მონასტრებში მოიხადოს.
       
საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის  ლიბერალიზაციდან გამომდინარე, მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებულთათვის არასაპატიმრო სასჯელის დაკისრება, მათი რესოციალიზაციის ახალი მეთოდის შემუშავება და ამ პროცესში საქართველოს მართმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის უშუალო მონაწილეობა. 
       
საქართველოს საპატრიარქოს, მთავარ პროკურატურასა და  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.
 
სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ინიციატივით საქართველოს პროკურატურა 2009 წლის ბოლოს გამოვიდა და  კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. პროკურატურის მიერ მომზადებული კანონპროექტებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები შევიდა. კანონში ცვლილებების განხორციელების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდა ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა გასულ 2009 წელს. მსგავსი მაჩვენებელი თავის დროზე გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგია, ანუ სტატისტიკამ აჩვენა, რომ ადრე გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა იყო სწორი. კანონის ლიბერალიზაცია საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა.