საჯარო რეესტრში სკანირების ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 12 მარტი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა დღეს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით და საოფისე ინვენტარით აღჭურვილი სკანირების ცენტრი გახსნა.

სკანირების ცენტრის საქმიანობა საჯარო რეესტრის  ელექტრონული არქივის შექმნის პროცესს დააჩქარებს და მონაცემთა ერთიანი ბაზის სრულყოფას შეუწყობს ხელს.

საჯარო რეესტრში შემოსული დოკუმენტები სკანირების შემდეგ, ერთიან მონაცემთა ბაზაში გადადის. პარალელურად მიმდინარეობს არქივში უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი დოკუმენტების ელექტრონულ არქივში გადატანა.

ტექნიკური აღრიცხვის ბიუროების საარქივო მასალა, რომელიც საჯარო რეესტრშია დაცული, ხშირ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადი საფუძველია. საჯარო რეესტრის თანამშრომლებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ საარქივო მასალებთან შეხება. მათი უმრავლესობა საკმაოდ ძველია. იქმნება საფრთხე, რომ დროთა განმავლობაში, ხშირი გამოყენების გამო, შესაძლებელია დოკუმენტები დაზიანდეს, ან განადგურდეს. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მათი ელექტრონულ ფორმატში შენახვა.

სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ "საქართველოს მასშტაბით, საჯარო რეესტრის ტექ-ბიუროს არქივში, დაახლოებით, 500 000 საქმეა დაცული. დღეისათვის ელექტრონულ ფორმატში საქართველოს  11 რაიონის 71 000-მდე მონაცემია  შენახული. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკანირების ცენტრი ელექტრონული არქივის სრულყოფის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. ელექტრონული არქივის შექმნა ასევე  გაამარტივებს უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის პროცედურებს, ხელს შუწყობს მოქალაქეთა  მომსახურების სისწრაფეს და ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად უმარტივდებათ მუშაობა სააგენტოს თანამშრომლებსაც. მათ შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად გაეცნონ არქივში დაცულ დოკუმენტებს (ქაღალდის ვერსიის  გარეშე), რაც დროის დაზოგვასა და დოკუმენტაციის დაკარგვის ალბათობას მნიშვნელოვნად  ამცირებს".

ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალების სკანირების პროცესი სააგენტომ 2009  წელს დაიწყო, ხოლო ელექტრონული არქივის ფორმირების დასრულებას 2011 წლისთვის გეგმავს.