მცხეთელმა მოსწავლეებმა მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლი დადგეს

თარიღი: 06 მარტი 2010

"ჯანმრთელი თაობა" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მცხეთის საჯარო სკოლების მე-7 კლასელებმა დადგეს. მოსწავლეებმა მათთვის აქტუალურ თემებზე სპექტაკლის იდეა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერითა და ორგანიზებით განახორციელეს. სპექტაკლი ნარკოდანაშაულის და ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, სცენაზე მოზარდებმა მათი თაობისთვის პრობლემური საკითხები წამოჭრეს.  
         
2010 წლის 6 მარტს მცხეთის რაიონის მოსწავლეებმა სპექტაკლი მუსიკისა და დრამის თეატრში ითამაშეს. ღონისძიება პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში მოეწყო და მას მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები დაესწრნენ.
       
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურისთვის არასწრულწლოვანთა უსაფრთხოება პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე საუბრებში თავად მოზარდები მონაწილეობენ.
     
 სპექტაკლის იდეა მცხეთელ მოსწავლეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთობლივი კამპანია წამოიწყეს და 2010 წელი უსაფრთხო სკოლისა და  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადეს.

ერთობლივი კამპანია 1 თებერვალს დაიწყო. მთელი წლის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით. პროკურატურის ძირითადი მიზანია არასრულწლოვნები აარიდოს დანაშაულებრივ გზას.