ცხადდება ნახატების კონკურსი თემაზე: ''ახალგაზრდობა უდანაკარგოდ''

თარიღი: 05 მარტი 2010

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა ნახატების კონკურსი თემაზე: "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ".

კონკურსი პირველ ეტაპზე თბილისის საჯარო სკოლებში გამოცხადდა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ 2010 წლის 5 მარტს, თბილისის N10 საჯარო სკოლაში პირადად გააცნეს მოსწავლეებს კონკურსის მიზნები და პირობები.

კონკურსი ორ თვეს გასტანს და მასში დედაქალაქის გარდა ეტაპობრივად ჩაერთვება საქართველოს ყველა რეგიონი. თბილისის სკოლებში ნახატების შიდასასკოლო შერჩევა 14 მარტამდე მოხდება. საუკეთესო ნახატებს სკოლის საორგანიზაციო საბჭოები გამოავლენენ, რომლის შემადენლობაში მოსწავლეებიც შევლენ.

რეგიონულ ეტაპზე შერჩეულ ნახატებს სპეციალური კომისია განიხილავს და საბოლოოდ გამარჯვებულებს მაისში გამოავლენს. პრიზიორები დაჯილდოვდებიან სიგელებით, I ადგილზე გასული ნახატის ავტორი მიიღებს პორტატულ კომპიუტერს.

ნახატების კონკურსი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში იმართება. საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელი უსაფრთხო სკოლისა და  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადეს.

სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა - პროკურატურის ძირითადი მიზანია, აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას.