საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეროვნულმა არქივმა უძველესი დოკუმენტაცია გადასცა

თარიღი: 04 მარტი 2010

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მის ტერიტორიულ ორგანოებში დაცული სანოტარო დოკუმენტაცია გადასცა. დოკუმენტაციის რაოდენობა 200 474 სანოტარო საქმეს შეადგენს. მათგან ყველაზე ძველი სანოტარო აქტი 1868 წლით არის დათარიღებული.

გადაცემული მასალიდან მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანდერძები აისახება ელექტრონულ ბაზაში.

ნოტარიუსთა პალატში დაწყებულია პალატის სანოტარო არქივში განთავსებული მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვის პროცესი. პალატის არქივში არსებული მონაცემთა ბაზა მოიცავს 1950  წლიდან 2009 წლამდე პერიოდში არსებულ შესაბამის სანოტარო დოკუმენტაციას.  

ელექტრონულ სანოტარო პროგრამაში განთავსდება ამომწურავი ინფორმაცია  მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების შესახებ,  რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით, ან  უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია ყველა მოქმედი ნოტარიუსი.

სამემკვიდრეო საქმეებთან დაკავშირებული მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეთა მომსახურებას. ამასთან, ნოტარიატის შესახებ  კანონპროექტის მიხედვით,  მოქალაქეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან შეეძლება. ამის საშუალებას  კი  სამემკვიდრეო  საქმეთა ერთიანი ელექტრონული ბაზა  იძლევა.