ყალბი მონაცემების გასწორებისთვის მოქალაქეები საფასურს აღარ გადაიხდიან

თარიღი: 04 მარტი 2010

პირადობის მოწმობაში, პასპორტში და სხვა დოკუმენტებში  ყალბი საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტების შესწორებისთვის დადგენილი 150 ლარიანი საფასური გაუქმდა.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არის სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის შეღავათი, იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს საკუთარი ყალბი მონაცემების დროულად გასწორებისთვის.
მისი თქმით, ამნისტიით ამ დრომდე ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.

იმ პირებისთვის, რომელთაც პირადი მონაცემები  გაყალბებული აქვთ, ამნისტია გასული წლის ივლისში გამოცხადდა.
ამნისტია ეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც 2010 წლის 1 ივნისამდე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ  სამსახურებში ნებაყოფლობით გამოცხადდებიან, დოკუმენტის გაყალბების შესახებ თავად განაცხადებენ და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები გასწორდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დაინერგა ფოტოსაძიებო სისტემა, რის საფუძველზეც ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათით იდენტიფიცირება ხდება. აღნიშნული სისტემის საფუძველზე ამა თუ იმ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაყალბების ფაქტების პრაქტიკულად სრულად გამოვლენა მოხდება.

თუ ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოვლინდება პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლობით გაცხადებული, მაშინ მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება.

ცნობისთვის, საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბების ყველაზე გავრცელებული ფაქტებია: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა.