ნოტარიუსები მოქალაქეებს ონლაინ-რეჟიმში აქტიურად ემსახურებიან

თარიღი: 01 მარტი 2010

სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლით, რომელიც უცხოეთში მყოფ  მოქალაქეს საშუალებას აძლევს ნებისმერი სახის თანხმობა ნოტარიულად ონლაინ-რეჟიმში დაამოწმოს, ნოტარიუსები დღეში, საშუალოდ, სამ მოქალაქეს ემსახურებიან.

აღნიშნული სიახლე საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან დაინერგა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციაში, რის საფუძველზეც, უცხოეთში მყოფ მოქალაქეს ნებისმერი სახის თანხმობის, ასევე, მემკვიდრეობის მიღებაზე უარის ნოტარიულად დამოწმება ონლაინ-რეჟიმში, ვიდეოთვალის მეშვეობით შეუძლია. მაგალითად, უცხოეთში მყოფ მამას, როცა მის არასრულწლოვან შვილს პასპორტის ასაღებად მამის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა სჭორდება, შეუძლია ინტერნეტით, ვიდეოთვალის მეშვეობით დაუკავშირდეს ნოტარიუსს და ონლაინ-რეჟიმში დაადასტუროს თავისი თანხმობა. ნოტარიუსი, აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურების შემდეგ, დაამოწმებს მშობლის თანხმობას. მშობლის ნაცვლად თანხმობაზე ხელის მოწერა მის მიერ არჩეულ პირს შეუძლია.

საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ონლაინ-რეჟიმში მსგავსი მომსახურება დაინერგა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიღებული ცვლილება უცხოეთში მყოფ მოქალაქეს  დროისა და ზედმეტი ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს.