იუსტიციის სამინისტრომ დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების ტრენინგი დაიწყო

თარიღი: 27 თებერვალი 2010

საქართველოს პროკურატურა, ევროკავშირის მხარდაჭერით დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრებისთვის თანამშრომლებს მოამზადებს. ტრენინგები, ბაკურიანში სასტუმრო "ვიქტორიაში" 2010 წლის 27 თებერვალს დაიწყო და 8 დღე გაგრძელდება.


დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრის პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. 2010 წლის გაზაფხულზე საკონსულტაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის პროკურატურის ოფისებში გაიხსნება. ბაკურიანში დაწყებული ტრენინგი სწორედ ამ ცენტრებისთვის კონსულტანტთა მომზადებას ემსახურება. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: დაზარალებულის უფლება-მოვალეობები და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის პრაქტიკული საკითხები, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სხვ. ცენტრის კონსულტანტები ინტენსიურ მომზადებას გაივლიან ეფექტური კომუნიკაციის შემდეგ საკითხებში:

  • პარტნიორზე ორიენტირებული კომუნიკაცია, ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაცია
  • კომუნიკაციის მართვა, შეკითხვის დასმა კომუნიკაციური ტექნიკა
  • სწორი დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ, ნდობის მოპოვება, კონსულტანტის თვისებები
  • მოქალაქის კმაყოფილების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, უარის თქმის

რეკომენდირებული ფორმა, ინფორმაციის პოზიტიური ფორმით გადაცემა, კონსულტანტის ქცევის სტანდარტები

  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია, დარწმუნება და გადარწმუნება
  • სატელეფონო ეტიკეტის წესები, სატელეფონო კომუნიკაციის არავერბალური მხარე
  • კონფლიქტის რაობა და მნიშვნელობა, სწორი დამოკიდებულება პრობლემური
  • სიტუაციის მიმართ
  • მოქალაქეთა პრეტენზიებზე სწორი რეაგირება, სტრესის რაობა
  • მოქალაქეთა ვიზიტისას შექმნილი რთული სიტუაციების მართვის ტექნიკა.

                                                                                   
დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრებისთვის თანამშრომლეთა შერჩევა კონკურსის წესით მოხდა. ორ ეტაპიან გასაუბრებაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 400-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც საბოლოოდ 6 თანამშრომელი შეირჩა. ინტენსიური ტრენინგების შემდეგ ისინი მუშაობას გაზაფხულიდან შეუდგებიან.

კვალიფიციური კონსულტანტები დაზარალებულთა ცენტრებში დახმარებას გაუწევენ მოქალაქეებს კონკრეტულ სისხლისამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემასა და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიკაციაში, ასევე დეტალურად განუმარტავენ უფლებებს ისეთი კატეგორიის დანაშაულისგან დაზარალებულებს, როგორიცაა ტრეფიკინგი, ოჯახში ძალადობა, ან წამება.