ქვემო ქართლის რეგიონის არქივები ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო

თარიღი: 26 თებერვალი 2010

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან ბოლნისის, რუსთავისა და გარდაბნის ადგილობრივი არქივებიც ჩაერთო.

პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ბოლნისის ადგილობრივ არქივში გამართა.

მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვის შემდეგ ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად ემსახურება.

სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება ადგილზე ჩაუსვლელად არის შესაძლებელი.

ეროვნულ არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.

ბოლნისის, რუსთავისა და გარდაბნის რაიონების გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის არქივი, ასევე, სამტრედიის, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის,  ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ვანის ადგილობრივი არქივები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სისტემაში ეროვნული არქივის სხვა ადგილობრივი ოფისების ჩასართავად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა.