საქართველოს პროკურატურასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 26 თებერვალი 2010

საქართველოს პროკურატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. 2010 წლის 26 თებერვალს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ შეთანხმება ილიას უნივერსიტეტში გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურა უნივერსიტეტს მაღალპროფესიული იურისტების აღზრდაში დაეხმარება.  მოქმედი პროკურორები ლექციებს წაუკითხავენ სტუდენტებს, შეასწავლიან მათ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს და ახალგაზრდებთან ერთად მოამზადებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს.

"პროფესინალად ჩამოყალიბება კარგი თეორიული ცოდნის გარეშე შეუძლებელია,  განაცხადა ხელმოწერის ცერემონიალზე დ. საყვარელიძემ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტების კონტაქტი იმ იურისტებთან, ვისაც პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება აქვს, ვისაც შეუძლია, პროკურორის საქმიანობის ისეთი დეტალები გააცნოს ახალგაზრდებს, რომელსაც მხოლოდ წიგნებით ვერ ისწავლი. ეს ჩვენს ინტერესებშიცაა- პროკურატურაში დასასაქმებლად მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება."

საქართველოს პროკურატურასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებისთანავე ამოქმედდება.