საჯარო რეესტრში მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაციის მიღება ვიდეოთვალის გამოყენებით შეუძლიათ

თარიღი: 25 თებერვალი 2010

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა დღეს  ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართა.

საჯარო რეესტრში ახალი მომსახურება ამოქმედდა. ამიერიდან მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება online რეჟიმში, ვიდეოთვალის გამოყენებით  შეუძლიათ.

სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით (www.reestrigov.ge), ვიდეოკონსულტაციები გაცილებით გაამარტივებს პროცედურებს მოქალაქეებისთვის. ისინი სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით, ვიდეოთვალის საშუალებით  მიიღებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ონლინე რეჟიმში დასვამენ შეკითხვებს  უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურებთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციასთან,  თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.


სააგენტოს კვალიფიციური იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს გააცნობენ სარეგისტრაციო  პროცედურებს, საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას, მომსახურების საფასურს, ვადებს და ა.შ., ხოლო მოქალაქეები შეძლებენ სააგენტოს იურისტ-კონსულტანტებს ვიდეოთვალის  მეშვეობით  აჩვენონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აქამდე მოქალაქეებს  იურიდიული  კონსულტაციის მიღება შეეძლოთ საჯარო რეესტრის საინფორმაციო ცენტრში, ტელეფონის ნომერზე  25 15 27,   ასევე,  სარეგისტრაციო სამსახურებში პირადი ვიზიტით, ან ელექტრონული ფოსტით info@napr.gov.ge ვიდეოკონსულტაცია კი მათ გაცილებით მეტ კომფორტს შეუქმნის.

მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

საჯარო რეესტრი განაგრძობს მომხმარებელთათვის მომსახურების ახალი სერვისების შეთავაზებას.