საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთი პრობაციონერი დაასაქმა

თარიღი: 23 თებერვალი 2010

საქართველოს პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმების კამპანიას განაგრძობს - 29 წლის გიორგი ტატუნაშვილი დღეიდან კომპანია "ქაღალდის ქარხანაში"იმუშავებს. საწყის ეტაპზე მისი ხელფასი 300 ლარი იქნება. საწარმოში დასაქმებისათვის რეკომენდაცია გიორგი ტატუნაშვილს მცხეთის პროკურატურამ გაუწია.

გ. ტატუნაშვილი ქურდობისთვისაა მსჯავრდებული და ხუთწლიან პირობით სასჯელს იხდის. მუშაობის დაწყების სურვილი პრობაცინერმა თავად გამოთქვა,  საქართველოს პროკურატურა კი მას სურვილის განხორციელებაში დაეხმარა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ 2010 წლის 23 თებერვალს ახალი თანამშრომელი კოლექტივს პირადად წარუდგინა.

დავით საყვარელიძის განცხადებით, ადამიანებისთვის, რომლებმაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს დანაშაული, ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. "ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ ჩვენ გვჯერა მათი, რომ მათ აქვთ საშუალება წარსულში დატოვონ დაშვებული შეცდომები და ცხოვრება გააგრძელონ ჩვეული ტემპით. დარწმუნებული ვარ, გიორგი ტატუნაშვილი ამ შანსს სწორად გამოიყენებს".

საქართველოს პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმებას პროგრამას პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.