საქართველოს ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა

თარიღი: 23 თებერვალი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს მასალების მოძიებას ეროვნული საარქივო ფონდის გასამდიდრებლად.

2010 წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა 1956-1987 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა, მათგან უძველესია 1956 წელს სიკო დილიძის მიერ გადაღებული ფილმის "ეთერის სიმღერა" აფიშა.

ახალშეძენილ კოლექციაში თავმოყრილია არაერთი ქართული კინოშედევრის აფიშები: "აბესალომ და ეთერი", "ალავერდობა", "განგაში", "დიდი მწვანე ველი", "დიდოსტატის მარჯვენა", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "ვედრება", "კუკარაჩა", "მანანა" , "მარადისობის კანონი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი', "ოთარაანთ ქვრივი", "ღვინის ქურდები" და სხვა.

აფიშები, ამავდროულად, საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორის, მონაწილე მსახიობების, მხატვრის, ოპერატორის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში  დაცულია დასახელებული მხატვრული ფილმების გადაღების ამსახველი ფოტონეგატივები, ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარები, მუსიკის პარტიტურები, ფილმის დღიურები და სხვ., რაც კიდევ უფრო ზრდის აფიშების მნიშვნელობას და მათდამი ინტერესს.