არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისთვის საუკეთესო დევიზი გამოვლინდა

თარიღი: 19 თებერვალი 2010

"ახალგაზრდობა უდანაკარგოდ"- ეს არის  დევიზი, რომელმაც საქართველოს პროკურატურისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. მისი ავტორია თბილისის 54-ე საჯარო სკოლის 12-ე კლასელი თინათინ ყიფიანი.

პროკურატურამ და განათლების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისთვის საუკეთესო დევიზის გამოსავლენად კონკურსი 1 თებერვალს გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, 50-ზე მეტი ვარიანტიდან გამარჯვებულის გარდა შეირჩა კიდევ 5 სლოგანი, რომლებიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიისას სხვადასხვა ღონისძიებებში გამოიყენება.

კონკურსში გამარჯვებულ თინათინ ყიფიანს ლეპტოპი დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გადასცეს.

საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის ერთობლივი კამპანია 1 თებერვალს დაიწყეს. პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას. სწორედ ამიტომ 2010 წელი საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფთხო სკოლის წლად გამოაცხადეს. მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით. ყველა ღონისძიება კონკურსში გამარჯვებული დევიზის ეგიდით წარიმართება.