პროკურორები და მასწავლებლები მოზარდებთან კომუნიკაციის უნარებში ტრენინგებს ერთად გადიან

თარიღი: 17 თებერვალი 2010


2010 წლის 16 და 17 თებერვალს, საქართველოს  მთავარ  პროკურატურაში პროკურორებმა და მასწავლებლებმა მოზარდებთან კომუნიკაციის უნარებში ტრენინგები გაიარეს. პროკურორები და მასწავლებლები გაეცნენ  თანამედროვე სწავლების მეთოდებს, მოზარდების სწრაფი სწავლების მექანიზმებს, აუდიტორიაზე ზემოქმედების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს,  ეფექტურ კომინიკაციასა  და  სხვა საინტერესო საკითხს.


ტრენინგი გაიარეს პროკურორებმა საქართველოს ყველა იმ რაიონიდან, სადაც ხორციელდება  პროექტი  "საზოგადოებრივი პროკურატურა" (თბილისი, მცხეთა, ახალციხე, თელავი, ზესტაფონი, ოზურგეთი, შუახევი) და ამავე რაიონების საჯარო სკოლის პედაგოგებმა.

ტრენინგს უძღვებოდა  ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი.  

პროექტი "საზოგადოებრივი პროკურატურა"  საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა,  პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოებრივი  ნდობის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში პროკურორები საჯარო სკოლებში სამართლებრივ თემებზე გაკვეთილებს ატარებენ, იმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით. მსგავსი აქტივობების გათვალისწინებით ტრენინგი მოზარდებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში  „საზოგადოებრივ პროკურორებს" და საჯარო სკოლის მასწავლებლებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ტრენინგები  პროკურატურაში  „დანიის კავკასიის პროგრამის" ფარგლებში და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.