სამოქალაქო რეესტრის მიერ გადაცემული მონაცემთა ბაზის ირგვლივ ცესკოში მრგვალი მაგიდა გაიმართა

თარიღი: 09 თებერვალი 2010

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მიერ გადაცემულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ბაზის სტატისტიკური მონაცემების განხილვა მოხდა.

მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა. შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კანონის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 თებერვლისთვის გადასცა საქართველოში რეგისტრირებულ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საარჩევნო უფლებებით სარგებლობენ.

ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებისა და დამატებების შესაბამისად (კერძოდ, მისი მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად),  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, წელიწადში ოთხჯერ - ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ (მათ შორის პირები ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, ასევე ინფორმაცია გარდაცვალებულთა შესახებ), განახლებული, ან ახალი მონაცემები გადასცეს ცესკოს, რომელიც ამ ინფორმაციას იყენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაახლებლად.

სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა თუ რისგან შედგება სამოქალაქო რეესტრის  მონაცემთა ბაზა და რის საფუძველზე მოხდა მონაცემთა გაზრდა. 

"თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა ჰქონდა, ყველას ვუპასუხეთ. აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე. გარდა ამისა, თუ ვინმეს დამატებითი მონაცემების მიღების სურვილი ექნება, მე პირადად მზად ვარ, ყველა შეკითხვას გავცე პასუხი", - განაცხადა ვაშაძემ.