ნოტარიატის შესახებ კანონი ამოქმედდა

თარიღი: 24 დეკემბერი 2009

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა. თუმცა, კანონით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები მომავალი წლის აპრილიდან ამოქმედდება.

კონკრეტულად: ახალი კანონის მიხედვით, 2010 წლის გაზაფხულიდან ნოტარიუსს უფლება ექნება გასცეს სააღსრულებო ფურცელი, როგორც დაგირავებული, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ მოქალაქეს შეუძლია, ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას სააღსრულებო ფურცელი მოითხოვოს, რაც თავიდან აარიდებს იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დავასა  და გაჭიანურებულ სასამართლო პროცესს.

აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ დაგირავეული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე გასცემდა. 

მომავალი წლის აპრილიდან შეიცვლება სამკვიდრო მოწმობის ასაღებად განცხადების შეტანის პრინციპიც. თუკი აქამდე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა მოქალაქეს მხოლოდ საკუთარ უბანში მდებარე სანოტარო ბიუროში შეეძლო, ამიერიდან საშუალება ექნება, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადება ნებისმიერ ნოტარიუსთან შეიტანოს. 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაიწყო პალატის სანოტარო არქივში განთავსებული მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონის აღნიშნული ნაწილის ამოქმედებას.