დოკუმენტის დამზადების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ

თარიღი: 23 დეკემბერი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მოქალაქეობის საკითხებზე, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციისთვის მიმართავენ, დღეიდან ახალ სერვისს სთავაზობს.

სისტემაში ახალი მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.

დოკუმენტის დამზადების და დამოწმებისთანავე პერსონიფიკაციის პროგრამის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოქალაქეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება, სადაც ეწერება გამზადებული დოკუმენტების მისაღებად ტერიტორიულ სამსახურებში გამოცხადების ზუსტი თარიღი და დრო. მაგალითად: სრს:თქვენს მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტები დამოწმებულია
 აპოსტილით(საქმე_#1000703).საბუთების გასატანად გთხოვთ მობრძანდეთ
23.12.2009-ში 15:00 საათზე.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძეს განცხადებით,  "ახალი მომსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს უქმნის კომფორტს, მეორე მხრივ, ჩვენ გვეხმარება რესურსების სწორ გადანაწილებაში."

ახალი მომსახურება ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ამ სერვისით საქართველოში მოქმედი ყველა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტები ისარგებლებენ.

აღნიშნული სახის მომსახურება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში 2007 წლის ივნისში დაინერგა და აქამდე მოქალაქეებს პირადობის, ბინადრობის მოწმობებისა და პასპორტის მისაღებად გამოცხადების ზუსტი თარიღი ეგზავნებოდათ.