ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი მიეცა პასუხისგებაში

თარიღი: 22 დეკემბერი 2009

2009 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში "დიდების მემორიალის" სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს  მომხდარი უსაფრთხოების  წესების  დარღვევის ფაქტზე, მთავარი პროკურატურის სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა კიდევ ორი პიროვნება მისცა პასუხისგებაში - "საქფეთქმრეწვის" ქუთაისის უბნის უფროსი ელგუჯა გაბადაძე და "საქფეთქმრეწვის" თბილისის უბნის უფროსი თენგიზ დარახველიძე. ორივე პიროვნება პასუხს აგებს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოების წესი და სათანადო უსაფრთხოების ღონისძიებების ჩამონათვალი განსაზღვრულია შესაბამისი მეთოდური მითითებებითა და ნორმატივებით. ქუთაისში დიდუბის მემორიალის დემონტაჟისას, სამწუხაროდ ეს მოთხოვნები სრულად და მასშტაბურად არ იქნა დაცული სამუშაოთა მწარმოებლების მხრიდან. კერძოდ, მათ არ განსაზღვრეს უსაფრთხოების ზონა, რის გამოც  მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა 211 მეტრიან რადიუსზე, ნორმატივებით განსაზღვრული მინიმუმ 300 მეტრიანი რადიუსის ნაცვლად. ტრაგიკული შემთხვევა კი სწორედ ასაფეთქებელი ობიექტიდან 273,5 მეტრში დაფიქსირდა.

გარდა ამისა, სამუშაოთა მწარმოებლები ვალდებული იყვნენ ასაფეთქებელი მოედანი შემოეფარგლათ სპეციალურად მომზადებული საფარი ნაგებობებით, ე.წ.  მიწაყრილებით. ეს მოთხოვნაც, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა  დაცული. კერძოდ,  9-10 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ნაცვლად, გაკეთდა მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის საფარი, რაც არ იყო საკმარისი აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი ქანების შესაკავებლად.
საგამოძიებო ჯგუფის წინასწარი დასკვნით, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გახდა ტრაგედიის ძირითადი მიზეზი.