ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა

თარიღი: 22 დეკემბერი 2009


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დღეს დასავლეთ საქართველოს რეგიონის ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა.

ატესტაციაში მონაწილეობდა ადგილობრივი არქივის 27 დირექტორი იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან. ატესტაციის მიზანია ეროვნული არქივის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება.

ატესტაციის ძირითადი მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე, კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თანამდებობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადგილობრივი არქივის დირექტორისთვის აუცილებელია: არქივმცოდნეობის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მართვის ძირითადი დებულებების, ცნებებისა და მეთოდიკის ცოდნა.

ატესტაცია ტესტირების ფორმით ჩატარდა და მისი მიზანი იყო ატესტაციაში მონაწილე პირის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა.
ატესტაციის შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის ტერიტორიული ორგანოების დირექტორებისათვის ატესტაცია 25 დეკემბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ არქივში ჩატარდება.