მთავარი პროკურატურის განცხადება

თარიღი: 20 დეკემბერი 2009

ქუთაისში, 2009 წლის 19 დეკემბერს  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილად იქნა დაკავებული სს "საქფეთქმრეწვი"-ს ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კერძოდ, უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც რეგულირდება ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესები.


ამდენად, ავთანდილ დარსაველიძე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებაში. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.
ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, მთავარი პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ადგილზე ეცნობა საქმის ვითარებას.  გუშინვე დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგებისა და საგამოძიებო მოქმედებების გზით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე გადაწყდება სხვა ბრალეულ პირთა პასუხიმგებლობის საკითხი.