მთავარმა პროკურორმა მთავრობას სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მორიგი ცვლილებები წარუდგინა

თარიღი: 15 დეკემბერი 2009

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მორიგი ცვლილებები მოამზადა. პროექტი 2009 წლის 15 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ წარადგინა. პროკურატურის მიერ მომზადებული კანონპროექტით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შედის ძირეული ცვლილება, რომელიც სასჯელის შეკრებას ეხება.

კანონის მოქმედი რედაქციით დადგენილია, რომ თუ პირს ჩადენილი აქვს რამდენიმე დანაშაული, მოსამართლე ვალდებულია თითოეული დანაშაულისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დადგენის შემდეგ, მოახდინოს მათი შეკრება სრული ოდენობით და საბოლოოდ მოსახდელად დაუნიშნოს მათი ჯამი. წარმოდგენილი ცვლილებით კი მოსამართლეს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება სასჯელის შეკრებისას, კერძოდ, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება ყველაზე მძიმე ერთი სასჯელის გარდა, დანარჩენი სასჯელები შეკრიბოს არა სრული მოცულობით, არამედ სასჯელის ნახევრიდან სრულ ოდენობამდე.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია სასჯელის შეკრების პრინციპის დახვეწა, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა.